ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამართლებრივ შეფასებას დაელოდება და შემდეგ იტყვის, არის თუ არა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდი.
როგორც მან თქვა, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს.
"ამაზე, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს. მაგალითად, დღეს იყო მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით და ა.შ. ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით ჰააგაში საჩივრის თანაავტორი, დაველოდებით, რა თქმა უნდა, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასებები", - თქვა მან.
ამის შემდეგ კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, საკმარისია თუ არა მისთვის აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი, რაზეც ის პასუხობს:
"რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის, ამიტომ საჭიროა სამართლებრივი შეფასება".
12 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა "გენოციდი". ბაიდენის განცხადების პასუხად საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტერმინ გენოციდის წოდებასთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან "რუსები და უკრაინელები ძმები არიან".